ჩანიშნე უფასო კონსულტაცია
როგორ შევამოწმოთ Cookies და მოვამზადოთ Cookie Policy?

Cookie ფაილები მცირე ზომის ტექსტური ფაილებია, რომლებიც ვებგვერდმა შეიძლება შეინახოს მომხმარებლის მოწყობილობაში. ისინი გამოიყენება, მაგალითად, ვებგვერდის გამართულად მუშაობისთვის, მომხმარებლის პარამეტრების დასამახსოვრებლად, სტატისტიკის მისაღებად ან მარკეტინგული მიზნებისთვის.
თუ cookie-ს მეშვეობით შესაძლებელია მომხმარებლის იდენტიფიცირება ან მისი ქცევის ანალიზი, ასეთი ინფორმაცია შესაძლოა პერსონალურ მონაცემად ჩაითვალოს. ამიტომ ორგანიზაციამ უნდა იცოდეს, რა cookie-ებს იყენებს მისი ვებგვერდი, რა მიზნით და ვის გადაეცემა ეს ინფორმაცია.
როგორ შევამოწმოთ cookies?
ყველაზე მარტივი მეთოდია ბრაუზერის შემოწმება:
გახსენით ვებგვერდი Chrome-ში;
დააჭირეთ მარჯვენა ღილაკს და აირჩიეთ Inspect;
გადადით Application განყოფილებაში;
მარცხენა მხარეს მოძებნეთ Cookies;
გახსენით თქვენი ვებგვერდის მისამართი და ნახეთ, ინახება თუ არა cookie-ები.
ასევე შეამოწმეთ Local Storage და Session Storage, რადგან ზოგჯერ ინფორმაცია არა cookie-ში, არამედ ბრაუზერის სხვა საცავში ინახება.
შემოწმება სჯობს გააკეთოთ რამდენიმე გვერდზე: მთავარ გვერდზე, საკონტაქტო გვერდზე, ბლოგზე, ფორმების გვერდზე და იმ გვერდებზე, სადაც ჩასმულია მესამე მხარის სერვისები, მაგალითად Google Maps, YouTube, Meta Pixel ან Google Analytics.
რა უნდა ჩაიწეროს Cookie Policy-ში?
Cookie Policy უნდა იყოს მოკლე, გასაგები და რეალურად ასახავდეს ვებგვერდზე არსებულ მდგომარეობას. მასში სასურველია აღინიშნოს:
რა არის cookie;
რა ტიპის cookie-ებს იყენებს ვებგვერდი;
რა მიზნით გამოიყენება ისინი;
არის თუ არა cookie აუცილებელი ვებგვერდის მუშაობისთვის;
გამოიყენება თუ არა ანალიტიკური ან მარკეტინგული cookie-ები;
გადაეცემა თუ არა მონაცემები მესამე პირებს;
რამდენ ხანს ინახება cookie;
როგორ შეუძლია მომხმარებელს cookie-ების მართვა ან გამორთვა.
Cookie-ების ძირითადი კატეგორიები
აუცილებელი cookie-ები — საჭიროა ვებგვერდის ტექნიკური მუშაობისთვის, მაგალითად უსაფრთხოებისთვის, ფორმის ფუნქციონირებისთვის ან მომხმარებლის არჩევანის დასამახსოვრებლად.
ანალიტიკური cookie-ები — გამოიყენება იმის გასაგებად, როგორ იყენებენ მომხმარებლები ვებგვერდს, რომელი გვერდებია პოპულარული და როგორ შეიძლება ვებგვერდის გაუმჯობესება.
მარკეტინგული cookie-ები — გამოიყენება რეკლამის, რემარკეტინგის ან მომხმარებლის ქცევაზე დაფუძნებული შეთავაზებებისთვის.
როდის არის საჭირო თანხმობა?
თუ cookie აუცილებელია ვებგვერდის ფუნქციონირებისთვის, მისი გამოყენება, როგორც წესი, შეიძლება მომხმარებლის ცალკე თანხმობის გარეშე, თუმცა მომხმარებელი მაინც უნდა იყოს ინფორმირებული.
თუ cookie გამოიყენება ანალიტიკისთვის, მარკეტინგისთვის, ქცევის მონიტორინგისთვის ან მესამე მხარის სერვისებისთვის, უსაფრთხო მიდგომაა, რომ ვებგვერდმა ასეთი cookie-ები მხოლოდ მომხმარებლის წინასწარი და აქტიური თანხმობის შემდეგ გაააქტიუროს.
თანხმობა არ უნდა იყოს დამალული. მაგალითად, მხოლოდ ტექსტი — „ვებგვერდის გამოყენებით ეთანხმებით cookie-ებს“ — კარგი პრაქტიკა არ არის. მომხმარებელს უნდა ჰქონდეს რეალური არჩევანი: მიიღოს, უარი თქვას ან მართოს cookie-ების კატეგორიები.
მოკლე პრაქტიკული რეკომენდაცია
ორგანიზაციამ ჯერ უნდა ჩაატაროს cookie აუდიტი — ანუ შეამოწმოს, რა cookie-ებს იყენებს ვებგვერდი. ამის შემდეგ უნდა მოამზადოს Cookie Policy და, საჭიროების შემთხვევაში, cookie ბანერი, სადაც მომხმარებელი მარტივად მიიღებს ინფორმაციას და შეძლებს არჩევანის გაკეთებას.
Cookie Policy არ უნდა იყოს ზოგადი ტექსტი, რომელიც ყველა ვებგვერდს ერთნაირად ერგება. ის უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტული ვებგვერდის რეალურ ტექნიკურ შემოწმებას.
ავტორი:
დავით ყარაშვილი
მონაცემთა დაცვის ექსპერტი
ენის შეცვლა
