ჩანიშნე უფასო კონსულტაცია

ელექტრო სკუტერები და პერსონალური მონაცემები — რა უნდა ვიცოდეთ?

ელექტრო სკუტერი და პერსონალური მონაცემები

 

ქალაქის ცენტრში დგახართ, შეხვედრაზე აგვიანებთ და რამდენიმე მეტრში თავისუფალ ელექტრო სკუტერს ხედავთ. ტელეფონში ხსნით შესაბამისი მომსახურების აპლიკაციას, ასკანერებთ კოდს და გზას ადგებით. მომხმარებლის თვალით ეს მარტივი პროცესია: სკუტერის პოვნა, გახსნა, გადაადგილება და გაჩერება. ციფრული სისტემის თვალით კი ამ რამდენიმე წუთში თქვენ შესახებ არაერთი ინფორმაცია იქმნება.

ელექტრო სკუტერით მგზავრობა მხოლოდ ქუჩაში გადაადგილება აღარ არის. ეს არის მომსახურება, რომელშიც ერთიანდება მობილური აპლიკაცია, რუკა, ტელეფონის მდებარეობა, საბანკო გადახდა, სკუტერში მოთავსებული სენსორები და მომხმარებელთა მხარდაჭერა. თითოეული მათგანი მონაცემს ქმნის. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა ხდება აპლიკაციის ჩამოტვირთვიდან მგზავრობის დასრულებამდე და, მის შემდეგაც.

 

პირველი მონაცემები რეგისტრაციამდე

პერსონალური მონაცემების დამუშავება შესაძლოა ანგარიშის შექმნამდეც დაიწყოს. აპლიკაციის გახსნისას სისტემამ შეიძლება მიიღოს ინფორმაცია ტელეფონის მოდელის, ოპერაციული სისტემის, აპლიკაციის ვერსიის, ენის, IP მისამართისა და ტექნიკური შეცდომების შესახებ. ეს ინფორმაცია გამოიყენება აპლიკაციის გამართულობის, უსაფრთხოებისა და ტექნიკური პრობლემების გამოსავლენად.

IP მისამართი, მოწყობილობის კოდი და სხვა ნიშნები, განსაკუთრებით მათი ერთმანეთთან დაკავშირებისას, შეიძლება კონკრეტულ მომხმარებელზე მიუთითებდეს. ქართული კანონმდებლობაც პერსონალურ მონაცემად მიიჩნევს ინფორმაციას, რომელიც ადამიანის პირდაპირ ან არაპირდაპირ ამოცნობას შესაძლებელს ხდის, მათ შორის გეოლოკაციისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს.

 

რეგისტრაცია

ანგარიშის შესაქმნელად აპლიკაცია, ჩვეულებრივ, ითხოვს ტელეფონის ნომერს ან ელექტრონულ ფოსტას. შეიძლება საჭირო იყოს სახელის, პაროლის, დაბადების თარიღის ან სხვა ინფორმაციის შეყვანაც. ტელეფონზე გამოგზავნილი ერთჯერადი კოდი ადასტურებს, რომ ნომერზე ნამდვილად თქვენ გაქვთ წვდომა და ამცირებს ყალბი ანგარიშებისა და სხვისი პროფილით სარგებლობის რისკს.

ზოგჯერ კომპანია ასაკის ან ვინაობის დადასტურებასაც ითხოვს. ამისთვის შესაძლოა პირადობის დოკუმენტის ან ფოტოს ატვირთვა გახდეს საჭირო. აქ მთავარი წესია: შეგროვდეს მხოლოდ აუცილებელი ინფორმაცია. თუ ასაკის დასადასტურებლად დაბადების თარიღი ან სხვა მარტივი საშუალება საკმარისია, პირადობის მოწმობის სრული ასლის ხანგრძლივად შენახვა ზედმეტი შეიძლება იყოს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა სწორედ ზომიერებაა: კომპანია არ უნდა აგროვებდეს ინფორმაციას მხოლოდ იმიტომ, რომ ტექნიკურად მისი მიღება შეუძლია. უნდა მუშავდებოდეს მხოლოდ ის მონაცემები, რომლებიც კონკრეტული და წინასწარ განსაზღვრული მიზნისთვის რეალურად საჭიროა.

 

რას ვეთანხმებით?

რეგისტრაციისას ხშირად ვნიშნავთ პატარა უჯრას: „ვეთანხმები პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას“. ბევრი ამას წაუკითხავად აკეთებს, რადგან სურს სწრაფად დაიწყოს მგზავრობა. თუმცა კომპანიას პასუხისმგებლობის ერთი ღილაკის უკან დამალვა არ შეუძლია.

მომხმარებელმა მარტივად უნდა გაიგოს, ვინ ამუშავებს მის მონაცემებს, რას აგროვებს, რატომ სჭირდება, ვის შეიძლება გაუზიაროს, გადადის თუ არა ინფორმაცია სხვა ქვეყანაში, რამდენ ხანს ინახება და როგორ შეიძლება საკუთარი უფლებების გამოყენება. საქართველოს კანონი ასეთი ინფორმაციის მიწოდებას მონაცემების შეგროვებამდე ან შეგროვების დაწყებისთანავე მოითხოვს. ტექსტი უნდა იყოს გასაგები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მომსახურებით არასრულწლოვანიც შეიძლება სარგებლობდეს.

ყველა მონაცემის გამოყენება თანხმობას არ ეფუძნება. ტელეფონის ნომრის, გადახდისა და მგზავრობის ძირითადი ჩანაწერების დამუშავება აუცილებელია მომსახურების გასაწევად: სხვაგვარად კომპანია სკუტერს ვერ გაგიხსნით, ფასს ვერ გამოთვლის და თანხას ვერ ჩამოგაჭრით. სარეკლამო შეტყობინებების, დამატებითი თვალთვალის ან პერსონალიზაციისთვის კი შეიძლება ცალკე არჩევანი იყოს საჭირო.

ამიტომ „ვეთანხმები ყველაფერს“ არ უნდა ნიშნავდეს, რომ კომპანიას ნებისმიერი მონაცემის ნებისმიერი მიზნით გამოყენების უფლება ეძლევა. მომხმარებელს უნდა შეეძლოს ძირითადი მომსახურებით სარგებლობა ისეთი დამატებითი ფუნქციების მიღების გარეშე, რომლებიც მგზავრობისთვის აუცილებელი არ არის.

 

გადახდის მონაცემები

ანგარიშის შექმნის შემდეგ მომხმარებელი გადახდის საშუალებას ამატებს. ბარათის ნომერს, მოქმედების ვადასა და უსაფრთხოების კოდს ვწერთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ინფორმაცია უშუალოდ სკუტერის კომპანიასთან ინახება. გადახდაში ხშირად მონაწილეობს ბანკი ან სპეციალიზებული გადახდის კომპანია, ხოლო აპლიკაციაში შეიძლება მხოლოდ შემდგომი ტრანზაქციისთვის საჭირო ტექნიკური ნიშანი დარჩეს.

მომხმარებელმა უნდა იცოდეს, ვინ ამუშავებს ფინანსურ მონაცემებს და ვინ აგებს პასუხს მათ დაცვაზე. კომპანიამ არ უნდა შეინახოს ისეთი სრული ინფორმაცია, რომლის ქონაც რეალურად არ სჭირდება. მგზავრობის შემდეგ ტრანზაქციის ჩანაწერი შეიძლება დარჩეს თანხის დაბრუნების, დავის, ბუღალტრული ან საგადასახადო მოთხოვნების გამო.

გადახდის ისტორია პერსონალური მონაცემია, რადგან ის კონკრეტულ მომხმარებელს, დროსა და მომსახურებას უკავშირდება. ამიტომ დაცული უნდა იყოს არა მხოლოდ ბარათის ნომერი, არამედ ინფორმაცია იმის შესახებაც, როდის, რამდენი და რომელი მგზავრობისთვის გადაიხადა ადამიანმა.

 

მდებარეობა

სკუტერის საპოვნელად აპლიკაციას ჩვენი მდებარეობა სჭირდება. რუკაზე წერტილი აჩვენებს, სად ვართ, ხოლო ნიშნები - სად დგას თავისუფალი სკუტერი. ადგილმდებარეობის გარეშე მომხმარებელი ვერ მოძებნის ტრანსპორტს და კომპანია ვერ დაადგენს, შეიძლება თუ არა მგზავრობის დაწყება ან დასრულება კონკრეტულ ზონაში.

მაგრამ მდებარეობა ერთ-ერთი ყველაზე მეტყველი მონაცემია. ერთი მარშრუტი შეიძლება მხოლოდ სამსახურში წასვლას აჩვენებდეს, მრავალი მგზავრობის ისტორია კი ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების სურათს ქმნიდეს: სად ცხოვრობს, სად მუშაობს, რომელ დაწესებულებებს სტუმრობს და რა დროს ბრუნდება სახლში.

სკუტერის პოვნისა და მგზავრობის მართვისთვის მდებარეობის გამოყენება გასაგები მიზანია. იგივე ისტორიის გამოყენება მომხმარებლის დეტალური პროფილის ან მიზნობრივი რეკლამისთვის კი სხვა მიზანია და ცალკე დასაბუთებას საჭიროებს.

აპლიკაციამ მუდმივი ფონური წვდომაც არ უნდა მოითხოვოს, თუ მომსახურება მხოლოდ მისი გამოყენებისას მინიჭებული ნებართვითაც გამართულად მუშაობს. მომხმარებელმა ტელეფონის პარამეტრებში უნდა შეძლოს არჩევა, მდებარეობა მუდმივად გაუზიაროს აპლიკაციას, მხოლოდ მისი გამოყენების დროს თუ საერთოდ არ გაუზიაროს.

 

QR კოდი

QR კოდის სკანირებისას სისტემა ჩვენს ანგარიშს კონკრეტულ სკუტერს უკავშირებს. ფიქსირდება დაწყების დრო, სკუტერის ნომერი, მდებარეობა, ტარიფი და ხშირად ბატარეის დონეც. ამ მომენტიდან კომპანიამ იცის, რომ კონკრეტული მომხმარებელი კონკრეტულ დროს კონკრეტული სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდება.

ეს კავშირი აუცილებელია მომსახურებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრისთვის. თუ სკუტერი დაზიანდა, აკრძალულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა ან თანხა არასწორად დაირიცხა, ჩანაწერები პრობლემის გარკვევას ეხმარება.

თუმცა ფრაზა „შეიძლება მომავალში დაგვჭირდეს“ მონაცემის უსასრულოდ შენახვის საკმარისი მიზეზი არ არის. კომპანიამ წინასწარ უნდა განსაზღვროს, რომელი ინფორმაცია ინახება რამდენიმე საათით, რამდენიმე თვით ან უფრო დიდი ხნით და რატომ.

 

რას იგებს სისტემა მგზავრობისას?

მონაცემები მხოლოდ ტელეფონიდან არ მოდის. სკუტერში შეიძლება იყოს GPS, სიჩქარის საზომი, აქსელერომეტრი და სხვა სენსორები. მათი დახმარებით სისტემა აფიქსირებს მარშრუტს, სიჩქარეს, მკვეთრ დამუხრუჭებას, უეცარ აჩქარებას ან აკრძალულ ზონაში შესვლას.

ეს ინფორმაცია შეიძლება ემსახურებოდეს უსაფრთხოებას, ტექნიკურ მომსახურებასა და წესების დაცვას. მაგალითად, საჯაროდ ხელმისაწვდომ მიკრომობილობის პოლიტიკებში აღწერილია სენსორების გამოყენება ერთ სკუტერზე ორი ადამიანის გადაადგილების, მკვეთრი დამუხრუჭების, სრიალის, სიჩქარის გადაჭარბების, შეჯახებისა და არასწორი პარკირების ნიშნების დასადგენად. ყველა კომპანია ზუსტად ერთნაირ ტექნოლოგიას არ იყენებს, მაგრამ ეს მაგალითი აჩვენებს, რამდენად დეტალური შეიძლება იყოს ერთი მგზავრობის მონაცემი.

მთავარი კითხვაა: საჭიროა თუ არა თითოეული მონაცემი კონკრეტული მიზნისთვის? ავარიის აღმოსაჩენად მკვეთრი დარტყმის დაფიქსირება შეიძლება გამართლებული იყოს, მაგრამ უსაფრთხოების სახელით მომხმარებლის ყველა მოძრაობის განუსაზღვრელი დროით შენახვა - არა.

მონაცემთა დაცვის მარტივი წესი ასეთია: აიღე იმდენი, რამდენიც საჭიროა; გამოიყენე იმ მიზნისთვის, რომელიც წინასწარ ახსენი; შეინახე მხოლოდ აუცილებელი დროით და დაიცავი სათანადოდ.

 

როცა პროგრამა „ცუდ მძღოლად“ გაფასებთ

სენსორების საფუძველზე სისტემამ შეიძლება მომხმარებლის უსაფრთხოების მაჩვენებელი შექმნას. ხშირი მკვეთრი დამუხრუჭების, სწრაფი აჩქარების, აკრძალულ ზონაში მოძრაობის ან არასწორი პარკირების გამო ანგარიშზე შეიძლება გამოჩნდეს გაფრთხილება, დამატებითი გადასახადი ან დროებითი შეზღუდვა.

პრობლემა მაშინ ჩნდება, როცა გადაწყვეტილებას მხოლოდ პროგრამა იღებს და მომხმარებელს ახსნა არ ეძლევა. სენსორი შეიძლება შეცდეს, GPS-ს სიზუსტე დაეკარგოს, სკუტერი სხვა ადამიანმა გადააადგილოს ან პროგრამამ შემთხვევა არასწორად შეაფასოს.

თუ ავტომატურ გადაწყვეტილებას მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი შედეგი აქვს, მას უნდა შეეძლოს მიზეზის გაგება, საკუთარი პოზიციის დაფიქსირება და ადამიანის მიერ ხელახალი განხილვის მოთხოვნა. ქართული კანონმდებლობა არსებითი შედეგის მქონე სრულად ავტომატიზებულ, მათ შორის ადამიანის ქცევის შეფასებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით სპეციალურ დაცვას ადგენს.

 

მგზავრობის დასრულება და პარკირების ფოტო

დანიშნულების ადგილზე აპლიკაციაში „დასრულებას“ ვაჭერთ, თუმცა საჭიროა სკუტერის დასაშვებ ზონაში გადაყვანა, სწორად დაყენება და ფოტოს გადაღება. ფოტო ადასტურებს, რომ სკუტერი ტროტუარს, შენობის შესასვლელს, პანდუსს ან საგანგებო გასასვლელს არ კეტავს.

კადრში შეიძლება შემთხვევით მოხვდეს გამვლელის სახე, ავტომობილის სანომრე ნიშანი, კერძო სახლის ეზო ან სხვა ისეთი დეტალი, რომელიც პარკირების შესამოწმებლად საჭირო არ არის. ამიტომ მომხმარებელმა მხოლოდ სკუტერი და მისი უშუალო გარემო უნდა გადაიღოს, კომპანიამ კი ფოტო სხვა ადამიანების ამოსაცნობად ან განსხვავებული მიზნებისთვის არ უნდა გამოიყენოს.

ზოგ სისტემაში ფოტოს თანამშრომელი ამოწმებს, ზოგან კი ამას ხელოვნური ინტელექტი აკეთებს. საჯარო მიკრომობილობის პოლიტიკებში, მაგალითად, აღწერილია ფუნქცია, რომელიც ფოტოს აანალიზებს და არასწორი პარკირების შემთხვევაში მგზავრობის დასრულებას აჩერებს. ასეთი სისტემა ქალაქის წესრიგს შეიძლება ეხმარებოდეს, თუმცა მომხმარებელს შეცდომის სწრაფად გასაჩივრების გზაც უნდა ჰქონდეს.

 

მხარდაჭერის სამსახურთან საუბარიც მონაცემია

თუ სკუტერი არ იხსნება, თანხა ორჯერ ჩამოიჭრა ან მგზავრობა აპლიკაციაში არ დასრულდა, მომხმარებელი მხარდაჭერის სამსახურს უკავშირდება. ჩატში, წერილში ან სატელეფონო საუბარში შეიძლება მივუთითოთ სახელი, ნომერი, მარშრუტი, გადახდის დეტალი და პრობლემის აღწერა. ზოგჯერ ფოტოს ან საბანკო ამონაწერის ნაწილსაც ვაგზავნით.

კომპანიამ მხოლოდ პრობლემის გადასაჭრელად საჭირო ინფორმაცია უნდა მოითხოვოს. თანამშრომელს არ უნდა ჰქონდეს წვდომა მომხმარებლის სრულ ისტორიაზე, თუ ერთი მგზავრობის ნახვა საკმარისია. მომხმარებელმა ასევე უნდა იცოდეს, იწერება თუ არა საუბარი, რამდენ ხანს ინახება მიმოწერა და გამოიყენება თუ არა იგი მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

 

ვის გადაეცემა ინფორმაცია?

ერთი აპლიკაციის უკან ხშირად რამდენიმე ორგანიზაცია დგას. რუკას შეიძლება ერთი კომპანია უზრუნველყოფდეს, გადახდას - ბანკი, შეტყობინებებს - საკომუნიკაციო პლატფორმა, მონაცემთა შენახვას - ღრუბლოვანი სერვისი, ხოლო სკუტერების მოვლას — ადგილობრივი პარტნიორი.

მომხმარებელს ყველა ტექნიკური ხელშეკრულების წაკითხვა არ სჭირდება, მაგრამ უნდა იცოდეს მონაცემების მიმღებთა ძირითადი კატეგორიები და გადაცემის მიზეზი. პარტნიორს არ უნდა გადაეცეს იმაზე მეტი ინფორმაცია, ვიდრე მისი სამუშაოს შესასრულებლად სჭირდება.

თუ მონაცემი სხვა ქვეყანაში იგზავნება ან იქ ინახება, მომხმარებელს ესეც უნდა ეცნობოს და დაცვის სათანადო გარანტიები უნდა არსებობდეს. საერთაშორისო მობილობის კომპანიების მომსახურებაში შეიძლება მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი ჯგუფური კომპანიები, ტექნოლოგიური პარტნიორები და მონაცემთა შენახვის პროვაიდერები.

 

რა რჩება მგზავრობის შემდეგ?

სკუტერის დაბლოკვა მონაცემების ავტომატურ გაქრობას არ ნიშნავს. სისტემაში შეიძლება დარჩეს მგზავრობის დრო, მარშრუტის ნაწილი, ფასი, გამოყენებული სკუტერი, გადახდის სტატუსი, ინციდენტი, პარკირების ფოტო და მხარდაჭერის სამსახურთან მიმოწერა.

გარკვეული ინფორმაციის შენახვა საჭიროა თანხის დაბრუნებისთვის, დავის გადასაწყვეტად, თაღლითობის გამოსავლენად, საგადასახადო აღრიცხვისთვის ან კანონით დადგენილი ვალდებულების შესასრულებლად. თუმცა ყველა მონაცემს ერთი და იგივე შენახვის ვადა არ უნდა ჰქონდეს.

ფინანსური ჩანაწერი შეიძლება უფრო დიდხანს ინახებოდეს, ვიდრე ტექნიკური ჟურნალი ან პარკირების ფოტო. ქართული კანონმდებლობის მიხედვით, მიზნის მიღწევის შემდეგ მონაცემი უნდა წაიშალოს, განადგურდეს ან უპიროვნო ფორმით დარჩეს, თუ შენახვის სხვა კანონიერი მიზეზი არ არსებობს.

ანგარიშის წაშლაც ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ყველაფერი იმავე წამს ქრება. მიმდინარე დავისთვის ან ფინანსური ვალდებულებისთვის საჭირო ნაწილი შეიძლება დარჩეს, მაგრამ კომპანიამ უნდა ახსნას, რომელი მონაცემი ინახება, რატომ და რამდენ ხანს. მხოლოდ აპლიკაციის ტელეფონიდან წაშლა კი კომპანიის სისტემაში არსებული ანგარიშისა და მონაცემების წაშლას, როგორც წესი, არ უდრის.

 

როგორ უნდა დაიცვას კომპანიამ მონაცემები?

სკუტერის მომსახურება აერთიანებს ანგარიშის, მდებარეობის, ფინანსურ და ქცევით ინფორმაციას. მათი გაჟონვა შეიძლება ნიშნავდეს ანგარიშის მითვისებას, თაღლითობას ან ადამიანის გადაადგილების ისტორიის გამჟღავნებას.

კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის უსაფრთხო გადაცემა და შენახვა, თანამშრომელთა წვდომის შეზღუდვა, სისტემაში მოქმედებების აღრიცხვა, საეჭვო შესვლის აღმოჩენა და ინციდენტებზე დროული რეაგირება. უსაფრთხოების ზომები უნდა შეირჩეს მონაცემების მოცულობის, კატეგორიისა და შესაძლო ზიანის გათვალისწინებით.

განსაკუთრებით სარისკო და მასშტაბური ტექნოლოგიური პროცესებისთვის კომპანიამ წინასწარ უნდა შეაფასოს, რა საფრთხე შეიძლება შეექმნას მომხმარებლებს და როგორ შეიძლება ამ საფრთხის შემცირება. თუ ტექნოლოგია ადამიანების მოძრაობას სისტემატურად აკვირდება ან მათ შესახებ მნიშვნელოვანი ავტომატური გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას იძლევა, უსაფრთხოების საკითხი მხოლოდ პროგრამისტების ტექნიკურ ამოცანად ვერ დარჩება.

მომხმარებლის პასუხისმგებლობაც მნიშვნელოვანია; მან უნდა გამოიყენოს უნიკალური პაროლი, არავის გაუზიაროს ერთჯერადი კოდი, დაიცვას ტელეფონი ეკრანის დაბლოკვით და პერიოდულად გადახედოს მდებარეობის, კამერისა და ფონური მუშაობის ნებართვებს.

 

რა უფლებები აქვს მომხმარებელს?

მომხმარებელს შეუძლია კომპანიას ჰკითხოს: რა მონაცემები გაქვთ ჩემ შესახებ, საიდან მიიღეთ, რისთვის იყენებთ, ვის გაუზიარეთ და რამდენ ხანს შეინახავთ?

მას შეუძლია მოითხოვოს მონაცემების ასლი, მცდარი ინფორმაციის გასწორება, გარკვეულ შემთხვევებში დამუშავების შეწყვეტა, მონაცემის წაშლა ან დაბლოკვა. ასევე შეუძლია უარი თქვას სარეკლამო შეტყობინებებზე და გაასაჩივროს მისთვის მნიშვნელოვანი ავტომატურად მიღებული გადაწყვეტილება.

აპლიკაციაში ან კომპანიის ვებგვერდზე უნდა არსებობდეს ადვილად საპოვნელი გზა კონფიდენციალურობის საკითხებზე დასაკავშირებლად. მაგალითად, მოთხოვნის გასაგზავნად მომხმარებელს არ უნდა სჭირდებოდეს ჩატის ოპერატორთან ხანგრძლივი მიმოწერა.

თუ კომპანია მოთხოვნას უსაფუძვლოდ არ ასრულებს ან მომხმარებელი ფიქრობს, რომ მისი მონაცემები უკანონოდ დამუშავდა, საქართველოში მას შეუძლია მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ან სასამართლოს.

 

სანამ „დაწყებას“ დავაჭერთ

ელექტრო სკუტერზე უარის თქმა მონაცემთა დაცვის ერთადერთი გზა არ არის. უფრო პრაქტიკულია რამდენიმე მარტივი მოქმედება: რეგისტრაციისას გადავხედოთ, რომელი ველები არის სავალდებულო; მდებარეობაზე წვდომა მხოლოდ აპლიკაციის გამოყენებისას დავუშვათ, თუ მუდმივი წვდომა აუცილებელი არ არის; არასავალდებულო სარეკლამო ნებართვები ავტომატურად არ ჩავრთოთ; პარკირების ფოტოში სხვა ადამიანები არ მოვახვედროთ; მგზავრობის შემდეგ შევამოწმოთ, ნამდვილად დასრულდა თუ არა სესია; ხოლო აპლიკაციის აღარ გამოყენებისას ანგარიშის წაშლის წესიც მოვიძიოთ.

ელექტრო სკუტერი მხოლოდ ბორბლები, ბატარეა და აპლიკაცია არ არის. თითოეული მგზავრობა ქმნის ისტორიას - ვინ გახსნა სკუტერი, საიდან დაიწყო გზა, სად წავიდა, როგორ იმოძრავა, სად გააჩერა და როგორ გადაიხადა.

ამ მონაცემებს შეუძლია მომსახურება უფრო სწრაფი, უსაფრთხო და მოსახერხებელი გახადოს, მაგრამ ასევე შეიძლება ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების დეტალურ რუკად გადაიქცეს.

კარგი მომსახურება ის არის, რომელიც მომხმარებელს უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალებას აძლევს და ამავე დროს მის პირად სივრცესაც პატივს სცემს. ქალაქში დატოვებული საბურავის კვალი მალე ქრება, ციფრული კვალი კი შეიძლება დიდხანს დარჩეს. ამიტომ მისი შეგროვება, გამოყენება და შენახვა ყოველთვის გასაგები, საჭიროებით გამართლებული და უსაფრთხო უნდა იყოს.

ავტორი: კახაბერ გოშაძე — მონაცემთა დაცვის ტრენერი

 სხვა ბლოგების სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.

DPT Consulting logo

საკონტაქტო ინფორმაცია

+(995) 599 08 61 98 

Info@dpt.ge

ვებ-საიტის ავტორი ნოე ტიკაძე

DPT Consulting logo

საკონტაქტო ინფორმაცია

+(995) 599 08 61 98 

Info@dpt.ge

ვებ-საიტის ავტორი ნოე ტიკაძე

DPT Consulting logo

საკონტაქტო ინფორმაცია

+(995) 599 08 61 98 

Info@dpt.ge

ვებ-საიტის ავტორი ნოე ტიკაძე

ენის შეცვლა